ვაისმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა - ჯერ მხოლოდ 19 ფეხბურთელი ვარჯიშობს
ვაისმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა - ჯერ მხოლოდ 19 ფეხბურთელი ვარჯიშობს

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები შეკრიბა და ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს.

დღეს ნაკრების ვარჯიშზე 19 ფეხბურთელი ემზადებოდა.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვირკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო, ბელარუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

ეროვნულ ნაკრებს 4 სექტემბრიდან ის ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომლებმაც კვირას კლუბებში ითამაშეს – ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე ხვალ ივარჯიშებენ. ხვალ ელიან ჯაბა ჯიღაურს, რომლის “გრენობლიც” საფრანგეთის ლიგა 2-ში დღეს თამაშობს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი 4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენციას გამართავს. 18:00 საათზე, „ზესტაფონის“ ბაზაზე ნაკრების ღია ვარჯიში ჩატარდება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელ პროცესზე დასწრება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაზე პირველ შეხვედრაში, 6 სექტემბერს ასტანაში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში „ჯვაროსნები“ 9 სექტემბერს, ლატვიას „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ.