ვაისმა და ქართველებმა შვეიცარიის ჩემპიონი ვერ დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრა ჩაატარა და სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.

სლოვანმა“ საკუთარ სტადიონზე შვეიცარიის ჩემპიონი, ბერნის „იანგ ბოიზი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა – 0:0. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი დააყენა – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა და ორივემ შეუცვლელად ითამაშა. კანკავა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნას ძლიერი დარტყმით შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მეორე ტაიმში კაშიას ჰქონდა, მაგრამ ორიოდე მეტრიდან კარს ააცილა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონმა „ფერენცვაროშმა“ პირველი შეხვედრა ლიეტუვას „ჟალგირისთან“ 2:0 მოიგო, მაგრამ ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ სომხეთის ჩემპიონ „ალაშკერტში“ ითამაშა ცენტრალურმა ნახევარმცველმა დავით ხურციძემ, რომელის გუნდი საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა.

ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ დაამარცხა (1:2, 1:2) პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამ შედეგით აზერბაიჯანის ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრები 27 და 28 ივლისს გაიმართება.