ვაისი სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერს ჩაიბარებს - „ჯვაროსნების“ ყოფილი მწვრთნელი მეგობართან იმუშავებს #1TVSPORT
ვაისი სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერს ჩაიბარებს - „ჯვაროსნების“ ყოფილი მწვრთნელი მეგობართან იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავას „სლოვანი“ ჩაიბარა – სლოვაკური მედიის ამ ინფორმაციას ჯერ კლუბი ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ფორმალური საკითხია.

გამოცემა „სპორტნეტის“ (Sportnet) ცნობით, ვაისი უცნაურ ვითარებაში დაინიშნა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“, მიმდინარე გათამაშებაშიც ლიდერია და „დუნაისკას სტრედას“ შვიდი ქულით ასწრებს. ამას გარდა, სლოვენიელი მწვრთნელის, დარკო მილანიჩის ხელმძღვანელობით ბრატისლაველებმა ხუთ მაისს სლოვაკეთის თასზე „დუკლა ბანსკა ბისტრიკასთან“ გასვლითი მატჩი მოიგეს (1:3) და მწვრთნელი სწორედ ამის შემდეგ გათავისუფლეს. გამოცემა ამის მიზეზებზეც წერს:

„მილანიჩის დრო უნდა დასრულებულიყო. მისი მემკვიდრე ვლადიმირ ვაისი უფროსი გახდება. ის ყველაზე სერიოზული კანდიდატია. კლუბმა ეს ჯერ ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ ვაისმა მოლაპარაკებები და ახალი სეზონისთვის გუნდის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. „სლოვანთან“ მისი ურთიერთობა ლოგიკური ნაბიჯია. გასულ წელს, ვაისი საქართველოს ნაკრებიდან წამოვიდა და თავისუფალია. მას „სლოვანის“ მფლობელთან – ივან კმოტრიკთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა და ნათელმირონობა აკავშირებს“.

ვაისს ივან კმოტრიკი დაეხმარა 1996 წელს, როდესაც „კოშიცედან“ გაათავისუფლეს და ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა. „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი იხსენებდა, რომ მაშინ მზად იყო ავსტრიაში სოფლის მასწავლებლად წასულიყო. ვაისმა პირველად „სლოვანი“ 2011 წლის ზაფხულში ჩაიბარა, ათი წლის შემდეგ კი იგი თავისი მეგობრის კლუბს დაუბრუნდა.