ვაისი ლეგიონერებისა და „დინამოს“ თამაშებს დაესწრო
ვაისი ლეგიონერებისა და „დინამოს“ თამაშებს დაესწრო

თურქეთში, ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები და ფეხბურთიის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდნენ.

ისინი ანტალიის რეგიონში 4-9 თებერვალს ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. ასეთები კი მრავალდ არიან. ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, გუჯა ლობჯანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბების წევრებსაც ელაპარაკა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „დინამოს“ მატჩებსაც დაესწრო, რომელიც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის.

თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვადასხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებას გეგმავს.