უტიტულოები და ტიტულიანები ნახევარფინალში - დღეს საქართველოს თასის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT
უტიტულოები და ტიტულიანები ნახევარფინალში - დღეს საქართველოს თასის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა და ნახევარფინალურის საგზური ეროვნული ლიგის ოთხმა გუნდმა მოიპოვა.

ტიტულისთვის ბრძოლას ბათუმის „დინამო“, წყალტუბოს „სამგურალი“, ქობულეთის „შუქურა“ და თბილისის „საბურთალო“ აგრძელებენ. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება, რადგან დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხდა (1:2) და ტიტულს სხვა გუნდს გადააბარებს.

ამ ოთხი გუნდიდან თასის მფლობელი მხოლოდ ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ არიან. „სამგურალი“ ორჯერ იყო ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ ფინალშიც არ გასულა.

1993 წლიდან 1998 წლამდე ბათუმის „დინამომ“ საქართველოს თასის გათამაშების ფინალში 4-ჯერ ითამაშა და თბილისის „დინამოს“ დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. 1998 წლის 26 მაისს ალექსანდრე კანთიძისა და დავით ჭიჭვეიშვილის გოლებით ბათუმელებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს, საქართველოს თასი დაისაკუთრეს და იმავე წელს სუპერთასსაც დაეუფლნენ.

საინტერესოა, რომ 16 წლის ისტორიის მქონე „საბურთალოს“ ლამის ასწლოვანი ისტორიის მქონე ბათუმის „დინამოზე“ (1923 წელს დაარსდა) უფრო მეტი ტიტული აქვს მოპოვებული. გუნდი, ისევე როგორც ბათუმის კლუბი, საქართველოს თასის (2019) და სუპერთასის (2020) მფლობელია და ამას გარდა, 2018 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თბილისურმა კლუბმა თასი 2019 წელს მოიპოვა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ გიორგი კოხრეიძის, გიორგი გაბედავას და ლევან კაკუბავას გოლებით 3:1 დაამარცხა.