უსმან დემბელე - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ისთვის შესანიშნავი შენაძენია #1TVSPORT
ბირმინგემში „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩამდ, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და გუნდის ლიდერმა, უსმან დემბელემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ფრანგმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს შესახებაც ისაუბრა.
„ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის ჩემპიონები გავხდით — ახლა წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მივაღწიოთ, წინ დიდი მატჩები გველის.
რაც შეეხება საპასუხო შეხვედრაში ჩვენს მიზანს, ინგლისში მხოლოდ მოგება გვსურს და დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ. საამისოდ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.
დეზირე დუეს „რენიდან“ ვიცნობდი, რადგან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მას ძალიან დიდი კარიერა ექნება. მართალია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ პროფესიონალია და ასაკისთვის უჩვეულოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას პსჟ-ში კარგად დავხვდით და გვინდა, რომ იმავენაირად გააგრძელოს.
ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ნამდვილად დადებითი ადამიანია. მორცხვი? არა, ასეთი არ არის. გუნდში რომ მოვიდა, ბევრი რამ ვურჩიე“, — ამბობს უსმან დემბელე.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა „ასტონ ვილა“ 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან მეორე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა ხვალ, 15 აპრილს შედგება.