უსიკმა ისევ დაამარცხა ფიური და ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT
უსიკმა ისევ დაამარცხა ფიური და ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT

საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში დასრულდა გრანდიოზული საჩემპიონო რევანში პლანეტის ორ უძლიერეს სუპერმძიმეწონოსანს შორის – ბრიტანელი ტაისონ ფიური ცდილობდა რევანში აეღო უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან 19 მაისს განცდილი მარცხისთვის. მათი პირველი ბრძოლისას გამოვლინდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, ახლა კი თამაშდებოდა საჩემპიონო ქამრები WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიით.

ორივე მოკრივემ ბრძოლა არც ისე აქტიურად დაიწყო – მიმდინარეობდა ერთმანეთის დაზვერვა. დროდადრო უფრო აქტიური უსიკი იყო, მაგრამ ფიურიც ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მეტოქეს.

მეორე რაუნდში უკრაინელმა რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა და კარგად ეკავა დისტანციაზე ბრიტანელი. უსიკმა შეძლო და საკუთარი კრივი მოახვია თავს მოწინააღმდეგეს, თუმცა ფიურიმ გონგამდე რამდენიმე წამით ადრე სახეში ზუსტი დარტყმის შესრულება შეძლო.

ამან აშკარად შემატა ძალები ბრიტანელს და მან აქტიურად დაიწყო მესამე რაუნდი, მაგრამ უსიკმაც ერთხელ მოახერხა და ბაგირებთან მიიმწყვდია ფიური.

უკრაინელი მაქსიმალური ძალის ჩადებას ცდილობდა დარტყმებში და მეოთხე რაუნდში რამდენჯერმე ძლიერად მოახვედრა მეტოქეს, მაგრამ ნოკდაუნზე ლაპარაკი ჯერ ადრე იყო. ამ დროისთვის ფიური ქულებით წინ იყო ტრანსლიაციის დამოუკიდებელი მსაჯის შეფასებით, მაგრამ გასაგები იყო, რომ პირველ რაუნდებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მეხუთე რაუნდში ფიურიმ კლინჩში შესვლა დაიწყო და კეფაში ურტყამდა მოწინააღმდეგეს, რის გამოც რეფერისგან შენიშვნა მიიღო. თუმცა, სუფთა კრივშიც ბრიტანელი ახერხებდა უკრაინელის დაცვაში ხვრელების პოვნას. ანალოგიური სურათი იყო მეექვსე რაუნდში, სადაც ფიური ასევე ოდნავ ჯობდა ჩემპიონს.

მაგრამ მეშვიდე რაუნდში უკეთესი იყო უსიკი. ყოველი რაუნდი მაქსიმალურად დაძაბული იყო და ჭადრაკის პარტიას ჰგავდა. სტატისტიკის მიხედვით, უკრაინელი უფრო მეტს ახვედრებდა მიზანში, თუმცა უფრო ნაკრებ დარტყმას ასრულებდა. მერვე რაუნდში მან კიდევ უფრო მოუმატა და სულ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა ფიურის.

სამაგიეროდ, მეცხრე და მეათე რაუნდები მცირე უპირატესობით ბრიტანელმა მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მეათე რაუნდის სტარტზე მისი გვერდითი დარტყმა, რასაც ფიურიმ კიდევ ორი ძლიერი დარტყმა დაუმატა.

მე-11 რაუნდი ისევ თანაბარი გამოვიდა, მაგრამ უსიკი უფრო სწრაფი და ზუსტი იყო. ბოლო სამწუთეულში ფიური თამამად წავიდა წინ და მეტოქეს გვერდითი დარტყმებით უტევდა, მაგრამ მიზანში თითქმის ვერ ახვედრებდა.

საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა უსიკს მიანიჭა – 116:112, 116:112, 116:112. ახლა უკრაინელს 23-დან 23 მოგება აქვს პროფესიულ რინგზე. ის ფლობს სამ საჩემპიონო ქამარს, მაგრამ არ მიიჩნევა აბსოლუტურ ჩემპიონად, რადგან ადრე მის მფლობელობაში არსებული IBF-ის ტიტული დღეს დანიელ დუბუას ეკუთვნის. როგორც ჩანს, სწორედ ის იქნება უკრაინელის მორიგი მეტოქე.