უშანგი მარგიანი გუანჩჯოუში გასამართ მასტერსს გამოტოვებს
უშანგი მარგიანი გუანჩჯოუში გასამართ მასტერსს გამოტოვებს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი უშანგი მარგიანი გუანჩჯოუში მსოფლიო მასტერსის გათამაშებას გამოტოვებს. ძიუდოისტმა ეს გადაწყვეტილება პირად მწვრთნელთან შეთანხმების შემდეგ მიიღო და ის სრული დატვირთვით საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება.

15 და 16 დეკემბერს გუანჩჯოუში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებენ.

უკვე ცნობილია, რომ ჭიდაობა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი 27-28 დეკემბერს თბილისში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი