უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფა-მ დააჯარიმა
უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფა-მ დააჯარიმა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია 10,000 ევროთი დააჯარიმდა. მიზეზი ტალინში გასამართ ერთა ლიგის მატჩამდე კორონავირუსის წესების დარღვევა აღმოჩნდა, – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯარიმა 90 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ოქტომბერში სომხეთის ნაკრებმა ტალინში ერთა ლიგაში ითამაშა ესტონეთთან (1:1). მატჩის წინ, სტუმრების გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები ესტონეთის დედაქალაქში სომხურ ეკლესიას ესტუმრნენ და ტალინის საფეხბურთო კლუბ „არარატის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. ეს იმ დროს, როდესაც ერთი დღით ადრე, სომხეთის ნაკრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი მიიღო.

კორონავირუსის გამო უეფა-ს მიღებული პროტოკოლის თანახმად, გუნდის წევრებმა – მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა, გუნდის პერსონალმა და დელეგაციის სხვა წევრებმა არ უნდა დატოვონ სასტუმრო, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.