უსაფრთხოების საბჭოსთან პრეზიდენტის თანამშრომლობის ფორმატზე ხელისუფლებასთან კონსულტაციები იგეგმება
უსაფრთხოების საბჭოსთან პრეზიდენტის თანამშრომლობის ფორმატზე ხელისუფლებასთან კონსულტაციები იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უსაფრთხოების საბჭოსთან პრეზიდენტის თანამშრომლობის ფორმატზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გეგმავს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რასაც პრეზიდენტს კონსტიტუცია აკისრებს, ეს აუცილებელია. თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს, ეს კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა მიგვაჩნია, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მონაწილეობის ფორმატი გამოიძებნოს. ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს ვგეგმავთ პირველ რიგში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, შემდეგ უკვე შიძლება საუბარი კონკრეტულ წინადადებებზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.