ურუგვაი მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება (ვიდეო)

დასრულდა მეორე მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ურუგვაელებმა ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე მოახერხეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ლუის სუარესის ჩაწოდებული ბურთი ედინსონ კავანიმ თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაი დაცვაში ჩაჯდა და ბურთი მეტოქეს გადაულოცა. შესაბამისად, პირველმა ტაიმმა პორტუგალიელთა შეტევებსა და ურუგვაელთა კონტრიერიშებში ჩაიარა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში ევროპელებმა ზეწოლა გააძლიერეს და 55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: კუთხურის გათამაშებას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და პეპემ თავურით გადაგზავნა ბურთი მუსლერას კარში. ამას პორტუგალიელთა გამოცოცხლება და კიდევ რამდენიმე შეტევა მოჰყვა, თუმცა გოლი ისევ მათ კარში გავიდა: ურუგვაელთა მეკარის მიერ დაწყებული სწრაფი შეტევა ედინსონ კავანიმ ოსტატურად დაასრულა და ურუგვაი ისევ წინ გავიდა – 2-1.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ურუგვაი მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!