ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმის განხილვის დროს დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმის განხილვის დროს დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმის განხილვის დროს დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა საფრთხეების პერიოდში იმყოფება და მოწინააღმდეგეები ცდილობენ ევროკავშირის დაშლას.

„ჩვენ გაურკვევლობისა და არასტაბილურობის პერიოდში ვართ. ეს ქაოსური და საშიში ლანდშაფტი იყო მიზეზი, რის გამოც ჩემი მიმართვა დავიწყე იმით, რომ ევროპა ბრძოლაშია. დღეს მინდა, კვლავ დავადასტურო ჩემი ვალდებულება, რომ ყველა თქვენგანთან ერთად, ვიმუშავებ ამ ერთიანობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ევროპარლამენტში დებატებისას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელამ ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკომისიამ არამხოლოდ გააფორმა ამერიკასთან შეთანხმება, არამედ „ევროპის კომერციული კაპიტულაცია“ მოახდინა.

„ჩვენთვის, პატრიოტებისთვის, ერთი რამ ნათელია: ჩვენ კეთილსინდისიერად მივცემთ ხმას უნდობლობის ვოტუმს მაკრონის ევროპის წინააღმდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ თავისუფალი ერების ევროპამ იცოცხლოს“, – განაცხადა ბარდელამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება.

„ევრონიუსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების მიერ წარდგენილი წინადადებები წარუმატებლობისთვისაა განწირული, ისინი წარმოადგენენ ახალ გამოწვევას ფონ დერ ლაიენის ხელისუფლებაში დარჩენისა და მმართველობის სტილისთვის, რომელიც მისი მეორე მანდატის დაწყებიდან სულ უფრო და უფრო კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა.