უქართველოდ მოსკოვის „ლოკომოტივი“ ვერ ძლებს - ასათიანი 21-ე საუკუნის სიმბოლურშია (ვიდეო)

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 21-ე საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში მალხაზ ასათიანიც დაასახელეს – საუკეთესო 11 მოთამაშე რუსეთში პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, „სპორტ-ექსპრესმა“ შეადგინა.

„ასათიანი „ლოკომოტივში“ მოვიდა, როგორც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. იგი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობდა და თითოეულთან მოთხოვნადი ფეხბურთელი იყო. თამაშის გაგება, კარგი ართმევა და თავდასხმის დაწყება – ეს თვისებები თანდაყოლილად ჰქონდა ქართველს, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ფავორიტი გახდა“ – წერს „სპორტ-ექსპრესი“ .

მალხაზ ასათიანი მოსკოვური გუნდის 21-ე საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემას სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაუსახელებია – „სპორტ-ექსპრესმა“ 21-ე საუკუნეში რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრებში მოთამაშეთა შეფასებები შეაჯამა და რჩეულები ამის მიხედვით გამოავლინა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე მოსკოველთა შემადგენლობაში 2003-2010 წლებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. მან „ლოკომოტივში“ ჩატარებულ 125 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მალხაზ ასათიანმა ამ შეხვედრებში საშუალოდ 5,86 ქულა (10-ქულიანი სისტემით) დააგროვა, რაც ცენტრალურ მცველებში საუკეთესო შეფასება გამოდგა.

ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილი მალხაზ ასათიანი იმ ისტორიული გოლის ავტორია, რომელიც 2003 წლის 30 აპრილს რუსეთის ნაკრებს გაუტანა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-10 ქვეჯგუფში, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.