„უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
„უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT

ინგლისურმა „უოტფორდმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კლევერლი გასული სეზონის ბოლოს გუნდში დროებით მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო შემდეგ კლუბისგან სრულფასოვანი კონტრაქტი მიიღო. სეზონის გარკვეულ ეტაპზე „უოტფორდი“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის პლეი ოფის ზონაში იმყოფებოდა, თუმცა 2025 წელს მხოლოდ ხუთი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

„მადლობას ვუხდით ტომს გაწეული სამსახურისთვის, თუმცა დადგა დრო, რომ გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდეს. გვჯერა ჩვენი ახალგაზრდული შემადგენლობის, რომელმაც გასულ სეზონში დიდი გამოცდილება მიიღო“, – აღნიშნა „უოტფორდის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა ნანიმ.

კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება.

ტომ კლევერლი „უოტფორდის“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიონალურ კარიერაში ის თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ასტონ ვილაში“, „ევერტონსა“ და ინგლისის ნაკრებშიც.