„უოტფორდის“ პრესსამსახური - ტკივილის მიუხედავად, ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა #1TVSPORT
ტერფის ტრავმის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს არ წყვეტს და ინდივიდუალურად აგრძელებს მზადებას, – შესაბამის ინფორმაციას „უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„გიორგი ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში. ის ასრულებდა როგორც ძალისმიერ, ისე აღდგენით ვარჯიშებს, რათა ფორმა შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, მიუხედავად ტერფის ძვლის რთული ტრავმით გამოწვეული ტკივილისა“, – ვკითხულობთ „უოტფორდის“ განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი აპრილში დაშავდა და მისი დაბრუნება როგორც კლუბში, ისე ეროვნულ გუნდში აგვისტოსთვის იყო ნავარაუდევი. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და მისი დაბრუნება სექტემბრის მეორე ნახევრამდე გადაიდო.
შესაბამისად, ფეხბურთელი ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ორ მატჩში. ქართველი ფეხბურთელები 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებენ, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს.