„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და ირაკლი ბერაიამ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, კომუნიკეში დადებითად არის შეფასებული ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას. ბრიტანეთის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს აქტიური რეფორმების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ არსებული მძიმე ვითარება. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა ნატო-საქართველოს დინამიკური და არსებითად გაძლიერებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.