„უოლ სთრით ჯორნალი“ - უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის
უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ კანონმდებლებს გაუზიარა იმ შეიარაღების სია, რომელსაც აშშ-ისგან ითხოვს. სიაში არის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ATACMS, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია. გამოცემა აღნიშნავს, რომ აქამდე ვაშინგტონმა უარი თქვა უკრაინისთვის აღნიშნული შეიარაღების მიწოდებაზე რუსეთის პროვოცირების რისკის გამო.
ამერიკელი კონგრესმენებისთვის გადაცემული სია მოიცავს შეიარაღების ათობით სახეობას, რომლებიც, კიევის განცხადებით, საჭირო იქნება 2023 წელს კონტრშეტევის გასაგრძელებლად. კერძოდ, ტანკები, უპილოტო აპარატები, საარტილერიო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები Harpoon, ასევე HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი ორი ათასი რაკეტა.
შეიარაღების ახალი მოთხოვნა მომზადდა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, რომლის შედეგადაც, უკრაინამ ათობით დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნა კონტროლი.