„უოლ სთრით ჯორნალი“ – რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ

22:33, 23.08.2026

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ივლისში კალინინგრადის ოლქში სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მობილიზაციის შემთხვევაში მოქმედების პროცედურები დამუშავდა. ამის შესახებ გამოცემა სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, სამხედროებმა, მათ შორის, რეგიონში სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარებისთვის მზადყოფნა, ასევე მობილიზებული სამხედროების განთავსების, მათი საკვებითა და შეიარაღებით უზრუნველყოფის შესაძლებლობები შეამოწმეს.

დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, ანალოგიური წვრთნები რუსეთის სხვა რეგიონებშიც ტარდება, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, რომელ რეგიონებზეა საუბარი.

„უოლ სთრით ჯორნალის“ წყაროების თქმით, საუბარია სწორედ იმ შემთხვევისთვის მომზადებაზე, თუ ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას გადაწყვეტს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მობილიზაცია სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე გამოცხადდეს.

ამასთან, გამოცემასთან საუბრისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციას შემოდგომაზე გამოაცხადებს, გაურკვეველია, რა პრაქტიკული ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ზამთარში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საბრძოლო მოქმედებები, როგორც წესი, ნელდება. თუმცა, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, მობილიზაციის ახალმა ტალღამ, შესაძლოა, ფრონტზე გავლენა უკვე 2027 წელს მოახდინოს.

სტატიის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მობილიზაცია, შესაძლოა, სექტემბრის არჩევნების შემდეგ გამოცხადდეს.

მსგავსი