„უოლ სთრით ჯორნალი“ – მარკ კარნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება სურს და განიხილავს, შეიძლება თუ არა, კანადა ბლოკის ასოცირებული წევრი გახდეს
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის სურს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და განიხილავს, შეიძლება თუ არა, მისი ქვეყანა ბლოკის ასოცირებული წევრი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზად არის, განიხილოს კანადისთვის ასოცირებული წევრობის სტატუსის შექმნის იდეა. ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირისა და კანადის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მომავალ კვირას საფრანგეთის ტერიტორიაზე, სენ-პიერისა და მიკელონის კუნძულებზე გაემგზავრებიან. პარიზის განცხადებით, ვიზიტი საფრანგეთსა და კანადას შორის მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერის დემონსტრირებას ემსახურება.
ასევე, მედიის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრი 17 სექტემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როდესაც ოტავასა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო დავამ ორ ქვეყანას შორის ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების დაწესება გამოიწვია.