„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - მაიკ პომპეო დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - მაიკ პომპეო დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის 25 ივლისს გამართულ იმ სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. ინფორმაციას გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს. აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გასულ კვირაში თეთრი სახლის მიერ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოჰყვა.

დონალდ ტრამპის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის უკრაინის მთავრობაზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად ზეწოლის მოხდენას ცდილობდა.