უნიკახამ საფრანგეთში მოიგო - შერმადინმა ლიმოჟს 7 ქულა ჩაუგდო

საკალათბურთო  ევროლიგაზე მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები ჩატარდა. ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია უნიკახამ. მალაგელებმა ფრანგული ლიმოჟი ამჯერად სტუმრად დაამარცხეს. ამ გამარჯვებაში 7-ქულიანი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მალაგელთა მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ 15 წუთი დაუთმო. გიორგიმ 7 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი გააკეთა.

თამაში კი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. უკანასკნელ წამებზე ლიდერობა საკუთარ თავზე ბრაიან რობერტსმა აიღო. ამერიკელმა უკანახაზელმა ჯერ მნიშვნელოვანი ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა, რასაც ზუსტი საჯარიმოც მიაყოლა. საბოლოოდ ლუის კაზემიროს გუნდმა 78-77 გაიმარჯვა, რობერტსი კი ორივე კლუბის რიგებში საუკეთესო გახლდათ, 20 ქულით.

სამი მოგებითა და ერთი მარცხით უნიკახა ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ვალენსიას ჩამორჩება. მორიგ ტურში ანდალუსიელები სწორედ ლიდერ ვალენსიას უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში ჯგუფებიდან ორ-ორი გუნდი გადის.