„უნიკახამ“ ბელგრადში წააგო, თუმცა პლეიოფში ადგილი გარანტირებული აქვს

საკალათბურთო „ევროთასზე“ მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის რამდენიმე მატჩი ჩატარდა. გიორგი შერმადინის „უნიკახას“ ბელგრადში გამგზავრებამდე, უკვე განაღდებული ჰქონდა პლეიოფის საგზური. „ცრვენა ზვეზდასთვის“ კი მხოლოდ პრესტიჟის მატჩი იყო.

ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის არენაზე გამართული შეხვედრა მასპინძლებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 105:89 მოიგეს. შერმადინმა, სერბების წინააღმდეგ, 13:48 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7 ქულა, 4 მოხსნა, ასევე თითო გადაცემა და დაფარება გააკეთა. მალაგური კლუბი ამ ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე „ვალენსიასთან“ ერთად გავიდა. დღეს გასამართი ვალენსია-ლიმოჟის დაპირისპირებაც ფორმალურ ხასიათს ატარებს.