უნგრული გამოცემა ზივზივაძის გუნდიდან გაშვებაზე წერს - „ფეჰერვარის“ წარუმატებლობა ამის შედეგია #1TVSPORT
უნგრული გამოცემა ზივზივაძის გუნდიდან გაშვებაზე წერს - „ფეჰერვარის“ წარუმატებლობა ამის შედეგია #1TVSPORT

„ფეჰერვარი“ უნგრეთის ჩემპიონატის აუტსაიდერებშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი საუკეთესო მოთამაშეებთან არაადეკვატური დამოკიდებულებაა, – ასე აფასებს კლუბის ჩავარდნას გამოცემა m4sport-ი და მაგალითად ბუდუ ზივზივაძის გუნდიდან გაშვებას ასახელებს.

საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „ფეჰერვარი“ 12-გუნდიან ჩემპიონატში 24 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-9 ადგილზეა და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ „ჰონვედს“ მხოლოდ 2 ქულით ასწრებს. უნგრეთიდან წასული ზივზივაძე კი მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ გადავიდა.

გამოცემა ბუდუ ზივზივაძის გუნდიდან გაშვებას იხსენებს და კიდევ ერთ მოთამაშეს ასახელებს, რომელსაც „ფეჰერვარში“ პრობლემები შეუქმნეს.

„საკითხავია, რა სჭირდება ამა თუ იმ გუნდს წარმატებისთვის – ფინანსური შესაძლებლობები, მოთამაშეთა რაოდენობა თუ სხვა რამ? შედეგი კლუბში არსებული ერთსულოვნების და ეფექტური მუშაობის ანაბეჭდია, ყველაფრის გასაღები გუნდში არსებული ერთსულოვანი გარემოა. „ფეჰერვარის“ წარუმატებლობა კი საპირისპირო დამოკიდებულების შედეგია.

გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვარი“ შემოდგომაზე დატოვა. მის შემთხვევაში პრობლემა ის გახდა, რომ „უიპეშტში“ ყოფილ თანაგუნდელს მაისურა გაუცვალა. ახლა, ასევე დისციპლინური მიზეზების გამო, „ფეჰერვარის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლოიკ ნეგოც დასაჯეს, რომელიც „ჰონვედთან“ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს“, – წერს გამოცემა.