უნგრული გამოცემა - საქართველოს საფეხბურთო ბაზარი უნგრული გუნდებისთვის საყვარელი და გამართლებული სატრანსფერო სივრცეა
უნგრული გამოცემა - საქართველოს საფეხბურთო ბაზარი უნგრული გუნდებისთვის საყვარელი და გამართლებული სატრანსფერო სივრცეა

უნგრული გამოცემა Csakfoci.hu-ს ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საფეხბურთო ბაზარი უნგრეთის ჩემპიონატის გუნდებისთვის საყვარელი და გამართლებული ბაზარი გახდა.

წერილი „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველ ლუკა ლაკვეხელიანზე გამოქვეყნდა, რომელიც კარიერას უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გააგრძელებს. ამ გუნდში გასულ სეზონში ბუდუ ზივზივაძე ბრწყინავდა და სეზონის დასრულების შემდეგ ქვეყნის ვიცეჩემპიონმა, „ფეჰარვარმა” (სახელშეცვლილივიდეოტონია“) დაიმატა.

„ლუკა ლაკვეხელიანის ჩამოსვლით, უნგრული გუნდების ცნობილი სატრანსფერო ხაზი ისევ გაგრძელდება. დიდი ხანია, უნგრეთის გუნდებისთვის სატრანსფერო ბაზარზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამართლებული ბაზარია. ამ ქვეყნიდან ჩვენს გუნდებში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა“, – წერს გამოცემა.

უნგრეთის ახალ საფეხბურთო ჩემპიონატში, ლუკა ლაკვეხელიანის გარდა, ბუდუ ზივზივაძე („ფეჰარვარი“) და ლაშა დვალი (ჩემპიონი „ფერენცვაროში“) ითამაშებს. წლების განმავლობაში კი სხვა ქართველები თამაშობდნენ. „ბალმაზუივაროშში“ გამოდიოდნენ ბაჩანა არაბული (შემდეგ „პუშკაშის აკადემიაში“ გადავიდა), ლაშა შინდაგორიძე და ირაკლი მაისურაძე, ასევე გამოდიოდა მურთაზ დაუშვილი (DVTK, შემდეგ „პროგრესში“).

ქართველი ლეგიონერების ყველაზე დიდი დიასპორა „დიორ ეტოში” იყო, სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა ოდილაძე გახლდათ, მისი და საფეხბურთო მენეჯერის, გიორგი გახოკიძის რეკომენდაციით კი რვა ქართველი მიიწვიეს – მეკარე გიორგი ბახტაძე, ასევე ლაშა თოთაძე, დავით ოდიკაძე, გიორგი განუგრავა, რატი ალექსიძე, ვახტანგ ფანცხავა, დავით ლორთქიფანიძე, თემურ შარაშენიძე.