უნგრეთში უმსხვილესი ოპოზიციური გამოცემა და რადიოსადგური იხურება
უნგრეთში უმსხვილესი ოპოზიციური გამოცემა და რადიოსადგური იხურება

უნგრეთში უმსხვილესი ოპოზიციური გამოცემა და რადიოსადგური იხურება. საუბარია გამოცემა Magyar Nemzet-სა და რადიოსადგურ Lánchíd Rádió-ზე, რომლებიც უნგრელი ოლიგარქის ლაიოშ სიმიშკას საკუთრებაში შედიან.

სიმიშკა ღიად უჭერს მხარს მემარჯვენე პარტია „იობიკს“, რომელიც 8 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. საარჩევნო კამპანიის დროს გამოცემა Magyar Nemzet-მა გამოაქვეყნა არაერთი მასალა მთავრობაში კორუფციის შესახებ.

გამოცემის ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მფლობელების გადაწყვეტილებით, გაზეთის ბეჭდური და ინტერნეტვერსია არსებობას წყვეტს. 1938 წელს დაარსებული გამოცემის ბოლო ნომერი 11 აპრილს გამოვა. თანამშრომლებს გამოცემის დახურვის შესახებ მხოლოდ დღეს აცნობეს.

ანალოგიური მიზეზით მაუწყებლობას წყვეტს Lánchíd Rádió. ის მაუწყებლობას 11 აპრილს, შუაღამით შეწყვეტს.

ლაიოშ სიმიშკა უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, წარსუში ის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მეგობარი და მმართველი პარტია „ფიდესის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. თუმცა 2014 წელს ორბანთან უთანხმოების გამო, სიმიშკმა პრემიერის მთავარი კონკურენტის, პარტია „იობიკის“ მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

8 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია „იობიკმა“ საკანონმდებლო ორგანოში 25 მანდატი მოიპოვა, თუმცა პოლიტიკური ძალა უკეთეს შედეგებს ელოდა.

არჩევნებში დამარცხების გამო, „იობიკის“ ლიდერმა გაბორ ვონამ გადადგმის შესახებ განაცხადა. ვიქტორ ორბბანის პარტია „ფიდესმა“ კი ხმების 50% მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას პარლამენტში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.