უნგრეთში მსოფლიო თასზე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
უნგრეთში მსოფლიო თასზე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ ეგერში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის დაუმარცხებლად გავლის შემდეგ, ხეცურიანმა მეოთხედფინალში გერმანელი სილვი ტაუბერი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბელარუს ალესია მაკრიტსკაიას სძლია.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი პარამოფარიკავე იტალიელ პარალიმპიურ, ორგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს ბეატრის ვიოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 7-15 დამარცხდა.

ხვალ, 18 თებერვალს მსოფლიო თასზე შეჯიბრი ხმლით ფარიკაობაში გაიმართება. ირმა ხეცურიანის გარდა ტურნირში ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მონაწილეობენ.