უნგრეთში აცხადებენ, რომ რუმინეთთან, სლოვაკეთთან და ბულგარეთთან უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმდნენ, თუ ევროკავშირი აკრძალვას არ გაახანგრძლივებს
უნგრეთში აცხადებენ, რომ რუმინეთთან, სლოვაკეთთან და ბულგარეთთან უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმდნენ, თუ ევროკავშირი აკრძალვას არ გაახანგრძლივებს

უნგრეთს 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გაფართოება სურს, – ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ განაცხადა.

უნგრეთმა განაცხადა, რომ შეთანხმდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და ბულგარეთთან, რომ ოთხი ქვეყანა დააწესებს ეროვნულ შეზღუდვებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მათი ბაზრების დასაცავად, თუ ევროკავშირი არ გაახანგრძლივებს აკრძალვას, რომელიც 15 სექტემბერს სრულდება.

იშტვან ნაგიმ ასევე თქვა, რომ ახალი ამკრძალავი ზომები გავრცელდება უკრაინული პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტზე, ვიდრე მოქმედი.

„ჩვენ შევთანხმდით ჩემს რუმინელ, სლოვაკელ და ბულგარელ კოლეგებთან, რომ თუ ბრიუსელი არ გადაწყვეტს არსებული მორატორიუმის გახანგრძლივებას, ჩვენ ინდივიდუალურად მივიღებთ ეროვნულ ზომებს“, – თქვა ნაგიმ ვიდეომიმართვაში.

როგორც მედია წერს, ხუთი ქვეყანა ითხოვს ევროკავშირის ამჟამინდელი აკრძალვის გახანგრძლივებას, ხოლო პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ ცალმხრივად გაახანგრძლივებენ აკრძალვას, თუ ევროკომისია არ გაახანგრძლივებს მას.