უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს
უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს.
„დღევანდელი ცვლილება საბაზისო კანონში რამდენიმე საკითხს ეხებოდა: რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის მანდატი შეწყდება. ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის თანამდებობას, უნგრელ ხალხს დავუბრუნებთ“, – განაცხადა პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
მადიარის განმარტებით, პრეზიდენტს ახლა ორი გზა რჩება: ან თავად მოაწეროს ხელი კანონის ახალ ცვლილებას, ან გადადგეს თანამდებობიდან – ამ შემთხვევაში მას პარლამენტის სპიკერი დროებით შეცვლის და ცვლილებას თავად მოაწერს ხელს.
ცნობისთვის, კანონში ცვლილება უნგრეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებას დაუყოვნებლივ წყვეტს. მიზეზად საზოგადოების „ნდობის სერიოზული დაკარგვა“ სახელდება. თუ უნგრეთის პრეზიდენტი ხუთ დღეში ცვლილებას ხელს არ მოაწერს, პარლამენტი მის იმპიჩმენტს დაიწყებს.
პარლამენტი დროებით ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც თანამდებობაზე დარჩება ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ან, თუ ეს პროცესი გაჭიანურდება, მაქსიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში.
პეტერ მადიარის თქმით, შემოდგომაზე უნგრელებთან ერთად ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაიწყება.