უნგრეთის ნაკრების მცველი – კვარაცხელიას თამაში კარგად შევისწავლეთ და ასე გავანეიტრალეთ #1TVSPORT
უნგრეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე, „პუშკაშ არენაზე“, საქართველოს გუნდი 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მცველმა ატილა ფიოლამ M4 Sport-თან გაამხილა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საგანგებოდ შეისწავლეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ვიცოდით, რომ ბევრი რამ ერთი-ერთზე ორთაბრძოლების მოგებაზე იქნებოდა დამოკიდებული. ძალიან ვამაყობ გუნდით იმის გამო, თუ როგორ გავართვით თავი დავალებას. ამ სანაკრებო პაუზაზე ჩატარებული მატჩებიდან ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. გვსურს, წინსვლა მომდევნო თამაშებშიც გავაგრძელოთ.
მოედანზე ძლიერი მეტოქის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მომიხდა თამაში. მისი თამაში კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მიხარია, რომ მან ქართველების თამაშში დიდი წვლილი ვერ შეიტანა. კვარაცხელიას თამაშიდან გამოთიშვა გუნდური მუშაობით შევძელით. მასზე ორმაგი მეურვეობა გამოვიყენეთ და სივრცე არ მივეცით. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველა, ვინც ითამაშა, ქებას იმსახურებს“, – განაცხადა უნგრეთის ნაკრების მცველმა.