უკვე ოფიციალურად - ვაჩიბერაძე „ტორპედოს“ შეუერთდა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ვაჩიბერაძე „ტორპედოს“ შეუერთდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ბექა ვაჩიბერაძე დაიმატა და ფეხბურთელი, რომელიც უკრაინული კლუბიდან წამოვიდა, გუნდს შეუერთდა.

„ბექა ვაჩიბერაძე ტორპედოელია! 26 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა. ბექა გასულ სეზონში „ჩორნომორეცის” ღირსებას იცავდა. წარმატები ვუსურვოთ ბექას შავ-თეთრების რიგებში“, – ვკითხულობთ ქუთაისური გუნდის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ბექა ვაჩიბერაძე უდავოდ შენაძენია, რადგან რუსეთის აგრესიამდე უკრაინის პრემიერლიგის ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა. ომმა ჩემპიონატი ჩაშალა, ფიფა-სგან კი მიიღო უფლება, დროებითი პრაქტიკისთვის 30 ივნისამდე სხვა ქვეყანაში ითამაშოს.

ბექა ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ვაჩიბერაძის შვილია. ბექა საქართველოშია დაბადებული, მაგრამ 11 წლის უკრაინაში გადავიდა, სადაც ჯერ ოდესის „ჩერნომორეცის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი დონეცკის „შახტარის“ ასაკობრივ გუნდებში. იყო დონბასელთა 19-წლამდელებში კაპიტანი და ლიდერი, გუნდის ფორმით კი 2015 წელს იუნიორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ (2:3) ითამაშა.

ვაჩიბერაძეს ასევე უთამაშია ესპანურ „ბეტისში“, ლატვიურ „რიგა ფს-ში“, ბელგიურ „ლომელში“, 2021 წლის მარტში კი ოდესის „ჩერნომორეცთან“ კონტრაქტი გააფორმა და რამდენიმეჯერ გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა. 25 წლის ნახევარმცველმა 2017 წლის დეკემბერში ქართული პასპორტი აიღო, მაგრამ ფიფა-ს იურიდიული ბარიერების დაძლევა ჯერჯერობით ვერ მოახერხა და საქართველოს ნაკრებში ვერ გამოიძახეს.