უკვე ოფიციალურად - ქეცბაიამ „ანორთოსისში“ ნინუა მესამე ცდაზე დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ქეცბაიამ „ანორთოსისში“ ნინუა მესამე ცდაზე დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT

სალონიკის პაოკ-ის ორი მოთამაშის, ამრა ვარდასა და ნიკა ნინუას „ანორთოსისში“ გადასვლა გადაწყვეტილია, – ინფორმაციას კვიპროსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი” ოფიციალურად აცხადებს, რომ პაოკ-თან ნიკა ნინუას იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულება აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გაფორმდება“, – წერია „ანორთოსისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცნობის მიხედვით, ქართველი ნახევარმცველი კვიპროსზე იჯარით ერთი წლით ითამაშებს, ხოლო კვიპროსული მედია შეთანხმების დეტალებზე წერს – ფამაგუსტას გუნდი პაოკ-სა და ნინუას შორის არსებული საკონტრაქტო პირობების ნაწილს დაფარავს.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პაოკ-თან ნინუას შესახებ მოლაპარაკება ორჯერ სცადა – 2020 წლის სექტემბერში და 2021 წლის იანვარში. ამ ორი უარის შემდეგაც კი, მან მოლაპარაკება მესამედაც სცადა და როგორც ჩანს, ამჯერად წარმატებულად. შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა კონფერენს ლიგის პლეი ოფში ბეერ-შევასჰაპოელი“ დაამარცხა და გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ში 2020 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსასყიდად თესალონიკის გუნდმა „დინამო თბილისს“ 850 ათასი ევრო გადაუხადა, მაგრამ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, ქეცბაია ნიკას გუნდის „საევროპო“ განაცხადში შეიყვანს და თავის გამოჩენის შანსსაც მისცემს.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ქართველებს თავის გამოჩენისა და დაწინაურების შანსს ყოველთვის აძლევდა. გასულ სეზონში გუნდში ოთხი ქართველი ჰყავდა, რომელთაგან წელს მხოლოდ გიორგი ლორია დარჩა. ახლა ფამაგუსტელების ქართველი ლეგიონის ვრცელ სიას ნინუაც დაემატება.

დატოვე კომენტარი