უკვე ოფიციალურად - „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი „უოტფორდში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ოფიციალურად დადასტურდა, რომ „დინამო თბილისის“ ნიჭიერი თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„„დინამო თბილისსა“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალთან“ მატჩში ჰქონდა.

მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „დინამო თბილისის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ „უოტფორდი“ ჩიქოვანის ტრანსფერით ჯერ კიდევ გასულ წელს, თბილისში გამართული ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების დროს დაინტერესედა. აღნიშნული ტურნირი (რომელიც პირველმა არხმა გააშუქა) ჩიქოვანმა მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო „უოტფორდთან“ მატჩში თავი გოლითაც გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიქოვანი უკვე „უოტფორდის“ ფეხბურთელია, ინგლისური კანონებიდან გამომდინარე, მას ჯერ ბრიტანეთში თამაშის უფლება არ აქვს. როგორც ცნობილი გახდა, ქართველი ფეხბურთელი იჯარით ბელგიურ „შარლერუაში“ გადავა, სადაც, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ბრიტანეთის სამუშო ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურებს გაივლის და ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ, არ არის გამორიცხული, სეზონის მეორე ნახევარი „უოტფორდში“ გაატაროს.