უკრაინულმა კლუბმა „დინამო თბილისს“ კამარას ტრანსფერზე მიმართა #1TVSPORT
უკრაინულმა კლუბმა „დინამო თბილისს“ კამარას ტრანსფერზე მიმართა #1TVSPORT

უკრაინის პრემიერლიგის გუნდი „ჩერკასი“ „დინამო თბილისის“ 24 წლის გვინეელი ფორვარდის, უსმანე კამარას ტრანსფერთან ახლოსა – ინფორმაციას ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი ავრცელებს. თემას უკრაინული გამოცემა sports.ua გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „დინამო თბილისის“ ლეგიონერი საომარი მდგომარეობის გამო უკრაინაში წასვლას ერიდება.

„„ჩერკასის“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერის სანაცვლოდ ქართულ კლუბს 150 ათას დოლარზე ცოტა მეტი შესთავაზა და ეს თანხა „დინამო თბილისს“ აწყობს. ფეხბურთელმა დასაფიქრებლად დრო მოითხოვა, რადგან უსაფრთხოების საკითხების გამო უკრაინაში წასვლის დიდი სურვილი არ აქვს“, – წერს sports.ua.

კამარამ თამაში სამშობლოში, გვინეაში დაიწყო. ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. ევროპული კარიერა შვედურ „ესკილსტუნაში“ 2018 წელს დაიწყო, საიდანაც 2019 წლის აგვისტოში ნორვეგიულ „ვალერენგაში“ გადავიდა.

24 წლის გვინეელი თავდამსხმელი 2021 წელს „ვალერენგადან“ იჯარით გორის „დილაში“ გადავიდა, 2022 წელს კი „დინამო თბილისმა“ მიიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამარას ტრანსფერით უკრაინული კლუბები – „კრივბასი” და „კარპატიც” დაინტერესდნენ.

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში კამარამ „დინამო თბილისის“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.