უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი 56-ს აღემატება. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

„28 ივნისს, 07:00 საათის მდგომარეობით, დანგრეული რესტორნის შენობის ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილის, მათ შორის სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რომელთაგან ორი დაბადებულია 2008 და 2011 წლებში. დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის ერთი 2022 წელს დაბადებული ბავშვი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრამატორსკზე, რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს დაეცა.

კრამატორსკი არის მთავარი ქალაქი დონეცკის პროვინციის ფრონტის ხაზის დასავლეთით. ქალაქი იყო რუსული თავდასხმების ხშირი სამიზნე, მათ შორის 2022 წლის აპრილში ქალაქის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულმა სარაკეტო იერიშმა 63 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.