უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება
უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე ამ დრომდე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის ტელემარათონის ეთერში დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაველ კირილენკომ განაცხადა.

ამასთან, კირილენკოს მონაცემებით, თავად ქალაქ მარიუპოლში რჩება 100 000-მდე ადამიანი. „საკმაოდ რთულია თქმა, მათგან რამდენს სურს წასვლა“, – აღნიშნა მან.

აზოვსტალის“ დაბომბვის განახლებაზე საუბარისას კირილენკომ განაცხადა, რომ ტერიტორია პრაქტიკულად მუდმივად იბომბება.

„ავიაცია და არტილერია იქ პრაქტიკულად მუდმივად მუშაობს. პაუზა და სიჩუმე – როდესაც საევაკუაციო ღონისძიებები ტარდება ან თავად „აზოვსტალიდან“ ან ახლომდებარე რაიონიდან მიმდინარეობს მშვიდობიანი ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია“, – განაცხადა კირილენკომ.

7 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.