უკრაინული მედია ალ ბარა შიშანის დასაკავებლად ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი სამართალდამცველების სპეცოპერაციის შესახებ წერს
უკრაინული მედია ალ ბარა შიშანის დასაკავებლად ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი სამართალდამცველების სპეცოპერაციის შესახებ წერს

კიევის ოლქში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად ალ ბარა შიშანი უკრაინელმა, ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, ალ ბარა შიშანის სახელით ცნობილი საქართველოს მოქალაქე სირიის არაბთა რესპუბლიკის ლატაკიის პროვინციაში ჯამაათ „ახადუნ ახათის“ ამირას თანამდებობას იკავებდა. 2013 წელს ის იკავებდა ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში – იყო სამხედრო ამირა, აბუ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილი) თანაშემწე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შემდეგ, ალ ბარა შიშანი თურქეთში ჩავიდა, სადაც აგრძელებდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ყალბი პასპორტის გამოყენებით ტერორისტი უკანონოდ ჩავიდა უკრაინაში და ყალბი დოკუმენტების საშუალებით უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალიზება შეძლო.

უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ტერორისტი აგრძელებდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპეციალური უჯრედების საქმიანობის კოორდინირებას. უკრაინული მედია წერს, რომ დაკავებული იმყოფება საექსტრადაციო დაკავების ქვეშ.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, კიევში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს.

დატოვე კომენტარი