უკრაინული კლუბები თბილისის „დინამოს“ სამი მოთამაშით დაინტერესდნენ #1TVSPORT
უკრაინული კლუბები თბილისის „დინამოს“ სამი მოთამაშით დაინტერესდნენ #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ სამ მოთამაშეს უკრაინულ კლუბებში გადასვლას სთავაზობენ, – ინფორმაციას გამოცემა ua-football-ი ავრცელებს.

„დონეცკის „შახტარი“ თბილისის დინამოს 19 წლის ცენტრალური მცველის, ლუკა ლაცაბიძის ტრანსფერზე მუშაობს. Georgian Footy-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და, შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს მომავალში გამოცხადდეს. სატრანსფერო თანხა შეიძლება იყოს 700 000 ევრო.

„დინამოს“ ცენტრალური მცველის, სანდრო კალანდაძის სამსახური კიევის „დინამოს“ შესთავაზეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი „ტელეგრამის“ არხზე იუწყება. თუმცა კიეველებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ამ ვარიანტზე. 22 წლის ქართველი, შესაძლოა, სხვა უკრაინულ გუნდში აღმოჩნდეს.

დიდი მოთხოვნაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, ანზორ მექვაბიშვილზეც. „დინამოს“ 22 წლის ნახევარმცველით უკრაინის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, კერძოდ, „ჩერკასი“, „პოლესიე“ და დონეცკის „შახტარი“. საქმე ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა, მაგრამ ინტერესი არის“, – წერს უკრაინული გამოცემა.

დასრულებულ სეზონში ლუკა ლაცაბიძე ძირითადად „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა, პირველ გუნდში კი 4 მატჩი ჩაატარა. სანდრო კალანდაძემ 24 მატჩში (3 გოლი) მიიღო მონაწილეობა, ხოლო მექვაბიშვილმა – 23 მატჩში (2 გოლი, 3 ასისტი).