უკრაინული გამოცემა - კიევის „დინამოს“ მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი წიტაიშვილს გაყიდიან #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა - კიევის „დინამოს“ მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი წიტაიშვილს გაყიდიან #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ დაბრუნებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის „დინამოსთან“ იჯარის ვადა ეწურება. უკრაინულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ქართველი მოთამაშე ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს და მის ტრანსფერს რომელიმე კლუბი გამოისყიდის. სხვა შემთხვევაში კიეველები ქართველ ფეხბურთელს თანხის გარეშე შეელევიან, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა dynamomania წერს.

„გიორგი წიტაიშვილი ბათუმის „დინამოს“ იჯარის წესით 2023 წლის ივლისში შეუერთდა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში ის კლუბის საუკეთესო ასისტენია. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს.

წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე მოხვდა. მისი კონტრაქტი ბათუმის „დინამოსთან“ ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა. ამის შემდეგ ის კიევის „დინამოში“ უნდა დაბრუნდეს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, უკრაინაში დაბრუნება არ სურს.

ამიტომ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩენს თავს და კიეველები მას გაყიდიან. სხვა შემთხვევაში ქართველი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და კლუბი თანხას ვერ მიიღებს“, – წერს უკრაინული გამოცემა.

23 წლის გიორგი წიტაიშვილმა ბათუმის „დინამოში“ 34 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ი საქართველოს ნაკრების მოთამაშეს 800 000 ევროდ აფასებს.