უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა - ჩვენი ხალხი ამ რთულ პერიოდს გადალახავს #1TVSPORT
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა - ჩვენი ხალხი ამ რთულ პერიოდს გადალახავს #1TVSPORT

ოლექსიი მიხაილიჩენკომ, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „გლაზგო რეიონჯერსის“ ყოფილი ვარსკვლავია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოჯახთან ერთად კიევის მახლობლად შეაფარა თავი. ამის შესახებ 58 წლის უკრაინელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ინგლისურ გამოცემა dailyrecord-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან ახსენა შოთა არველაძის მხარდაჭერა, რომელიც დაუკავშირდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„გლაზგოს „რეინჯერსის“ ყოფილმა გმირმა ოლექსი მიხაილიჩენკომ ოჯახთან ერთად კიევთან ახლოს შეაფარა თავი. „აიბროქსის“ ყოფილმა უკრაინელმა ვარსკვლავმა „აიბროქსზე“ ხუთი წელი გაატარა (1991-1996). ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრებების კომიტეტის თავმჯდომარეა. წელს 58 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო საკულტო კლუბურ რბოლაში Nine In A Row და სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ იძულებული გახდა დამალულიყო თავისი ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს, რადგან პუტინის რუსეთის საშინელი აგრესია გრძელდება. მიხაილიჩენკოს შვილი უკვე მოხალისედ წავიდა ტერიტორიულ ჯარში და აცხადებს, რომ თავადაც მზადაა საბრძოლველად. მისი თქმით, „რეინჯერსის“ ყოფილ ვარსკვლავს, შოთა არველაძეს ესაუბრა“, – წერს გამოცემა და უკრაინელი ვეტერანის კომენტარს აქვეყნებს.

„კიევის ცენტრში სახლი დავტოვე და აგარაკზე ვარ, კიევის ცენტრიდან 10 მილის დაშორებით. მთელი ოჯახი ჩემთანაა: ორი ვაჟი და ცოლი. ოჯახთან ერთად ამ საშინელი მოვლენების გადატანა უფრო ადვილია. მესმის აფეთქებების ხმა, ჩემს თავზე ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ – ეს საშინელებაა. ჩემი შვილი მოხალისედ წავიდა ტერიტორიულ ჯარში და მეც ყველაფერს გავაკეთებ რუსეთის დასამარცხებლად. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ ჯერ არ ვარ საჭირო, მაგრამ მზად ვარ იმ მომენტისთვის, როცა მოინდომებენ, ვიბრძოლო. ბევრი ჩემი მეგობარი უსაფრთხო ადგილზე წავიდა, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ“, – ამბობს მიხაილიჩენკო.

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ამბობს, რომ ახლა ფეხბურთისთვის არავის სცალია.

„მე სულ ვეკითხები ჩემს თავს, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელი ხალხი ამ რთულ პერიოდს გადალახავს. ვამაყობ ჩვენი ჯარით და ხალხით. ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან. სიტყვებიც კი არ მყოფნის ამ ბიჭების და ექიმების მამაცობის აღსაწერად. ფეხბურთი უკანა რიგში გადავიდა. ბევრი მხარდასაჭერი მესიჯი და ზარი მივიღე. ამ დღეებში შოთა არველაძემ დამირეკა, როგორ ხარო. მე მივიღე შეტყობინებები და მხარდაჭერა შოტლანდიიდან და იტალიიდან, სადაც ვთამაშობდი“.