უკრაინული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი „ჩელსიში“ გადავა #1TVSPORT
უკრაინული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი „ჩელსიში“ გადავა #1TVSPORT

უკრაინული ფეხბურთის ვუნდერკინდი მიხაილ მუდრიკი მალე კარიერას ინგლისში გააგრძელებს. შაბათს ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერის გარშემო სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები.

თავდაპირველად ჟურნალისტმა რუდი გალეტიმ დაწერა, რომ მუდრიკი ერთ ნაბიჯშია ლონდონის „არსენალში“ გადასვლასთან. მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია და განსახილველია მხოლოდ ტრანსფერის სტრუქტურა. დაიწერა, რომ „არსენალი“ 90 მილიონს გადაუხდის „შახტარს“ მუდრიკის სანაცვლოდ.

თუმცა, მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა. იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, ააფეთქოს სატრანსფერო ბაზარი და წაართვას მუდრიკი „არსენალს“. „ჩელსიმ“ „შახტარს“ 100-მილიონიანი წინადადებით მიმართა. თან ცნობილი გახდა პირადი კონტრაქტის დეტალები: „ჩელსი“ მზად არის, მუდრიკს წელიწადში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, იმ დროს, როცა „არსენალის“ შეთავაზება 5.5 მილიონი ევროა. ფაბრიციო რომანომ ისიც დაწერა, რომ საბოლოო სიტყვა ფეხბურთელს ეკუთვნის.

ბოლო ინფორმაცია ჟურნალისტმა დავიდ ორნშტეინმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ „ჩელსი“ მოელაპარაკა ტრანსფერზე „შახტარს“. მხარეები 100 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, ხოლო მუდრიკი ლონდონში გაემგზავრება სამედიცინო შემოწმების გასავლელად. მასთან „ჩელსი“ შვიდწლიან კონტრაქტს გააფორმებს.