უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნებით 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს, 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან კი მხოლოდ შვიდმა იმუშავა
უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნებით 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს, 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან კი მხოლოდ შვიდმა იმუშავა

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით უსაფრთხო ტერიტორიებზე 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართავში ისაუბრა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ვერეშუკმა განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან მხოლოდ შვიდმა იმუშავა.

ამავე დროს, ვიცე-პრემიერის ცნობით, მარიუპოლისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის კოლონა კვლავ ბლოკირებულია ქალაქ ბერდიანსკში. როგორც მან აღნიშნა, მარიუპოლიდან დღეს 150-მდე მსუბუქი მანქანით მოქალაქეების გაყვანა შეძლეს.

„ამავე მარშრუტით დღეს გამოსვლა შეძლეს ომით დაღლილმა და დატანჯულმა მარიუპოლელებმა. თითქმის 150 მსუბუქი მანქანა, რაც დიდ იმედს გვაძლევს და მიუთითებს იმაზე, რომ საოკუპაციო ძალები უმიზეზოდ ბლოკავენ ბერდიანსკში ჩვენი ხალხისთვის ასეთ საჭირო პროდუქტებს და მედიკამენტებს“, – აღნიშნა ვერეშიუკმა.

მისი განცხადებით, ოკუპანტებმა ასევე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიევის ოლქის ბროვარის რაიონის ჰუმანიტარული დერეფნებისთვის.

„საევაკუაციო ავტობუსების კოლონა ვერ მივიდა სოფლებთან ბოგდანოვკა და ნოვობოგდანოვკა, ასევე ბობრიკთან იმის გამო, რომ რუსული მხრიდან შეტევითი მოქმედებები დაიწყო“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, რომან ზასტავამ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით ყველაზე რთული მდგომარეობა მარიუპოლშია.