უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, მილსადენთან აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის“ მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის“ მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, – აცხადებს გეორგი ტიხი.
ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათივე თქმით, მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისი თქმით, საბოტაჟის უკან, შესაძლოა, უკრაინა იდგეს.