უკრაინის საგარეო უწყება „ფოქს ნიუსის“ ეთერში სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლაციისას კიევის რუსულ ქალაქად მოხსენიების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფოქს ნიუსის“ (Fox News) ეთერში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლაციისას კიევის რუსულ ქალაქად მოხსენიების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა X-ზე დაწერა.
როგორც ცნობილია, „ფოქს ნიუსის“ ეთერში სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლირება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხდებოდა, მათ შორის კიევიდანაც. თავდაპირველად ეთერში იყო წარწერა „უკრაინა, კიევი“, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“. აღნიშნული წარწერა დიდი ხნის განმავლობაში იყო ეთერში.
„თუ ეს შეცდომა იყო და არა შეგნებული პოლიტიკური განცხადება, მაშინ საჭიროა ბოდიშის მოხდა და გამოძიება, თუ ვინ დაუშვა ეს შეცდომა“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ.