უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალი დაამტკიცა
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

დენის შმიგალი მანამდე ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებდა. მის კანდიდატურას რადას რიგგარეშე სხდომაზე 291-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი გონჩარუკის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი.

უკრაინული მედიის ცნობით, დენის შმიგალის კანდიდატურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის სხდომაზე 3 მარტს წარადგინა.

რადას დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ მზად არის, შეასრულოს პრეზიდენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის წინაშე დასახული ამოცანები.

44 წლის დენის შმიგალი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. დამთავრებული აქვს ლვოვის პოლიტექნიკური სასწავლებელი, მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით. 2000-2009 წლებში მუშაობდა ლვოვის მსხვილ საწარმოებში წამყვან თანამდებობებზე, რის შემდეგაც, ლვოვის საოლქო ადმინისტრაციაში სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა წარუმატებლად.

დატოვე კომენტარი