უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „შავ სიაში“ 81 რუსული კომპანია და რუსეთის 26 მოქალაქეა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სანქციები დაუწესდა რუსულ მედიასაშუალებებს – გამოცემებს „გაზეტას რუს“, „რასია სეგოდნიას“, „ლენტა რუს“, სადაზღვევო კომპანია „როსგოსსტრახს“, „ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიას“, ასევე ოკუპირებულ ყირიმში მომუშავე კომპანიებს. შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეზღუდვას, ტრანზიტის შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აღკვეთას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, საჯარო და თავდაცვითი შესყიდვების, მომსახურების განხორციელების აკრძალვას.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის არიან რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველოს უფროსი, ფედერაციის საბჭოს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და სხვა.

ამას გარდა, ზელენსკიმ აამოქმედა სანქციები ფრანგი ევროპარლამენტარების, ვირჯინი ჟორონის, ჟან-ლენ ლაკაპელისა და ფილიპ ოლივიეს წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდნენ.