უკრაინის პრეზიდენტმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში შეხვედრის შემდეგ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინა და საბერძნეთი „ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა ალიანსში უკრაინის ინტეგრაციისა და ნატო-ს სტანდარტების განხორციელების მხარდასაჭერად“.

ათენი აცხადებს, რომ განაგრძობს უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ, თავდაცვით და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას.

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისთვის“ და მხარი დაუჭირეს ნატო-უკრაინის საბჭოს როლს, როგორც კიევსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის გაფართოების პლატფორმას.

„საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მიღებას, როდესაც ალიანსის წევრები შეთანხმდებიან  და შესრულდება პირობები, როგორც ეს ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია მითითებული“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამით საბერძნეთი გახდა ალიანსის 24-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.