უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ევროპის საბჭოდან დაუყოვნებლივ გარიცხვა მოითხოვა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ევროპის საბჭოდან დაუყოვნებლივ გარიცხვა მოითხოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა რუსეთის ევროპის საბჭოდან დაუყოვნებლივ გარიცხვა მოითხოვა. ამის შესახებ შმიგალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთმა და პირადად პრეზიდენტმა პუტინმა 21-ე საუკუნეში ევროპის ცენტრში გააჩაღეს ფართომასშტაბიანი ომი, რაც შეიძლება, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო ხისტი. ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილებას. ერთიან ევროპულ ოჯახში, სადაც ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა, არ არის ადგილი მათთვის, ვინც მკაფიოდ უჭერს მხარს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას“, – განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ბოლო 18 დღის განმავლობაში მსოფლიომ საბოლოოდ გაახილა თვალები.

„ჩვენ კი წუთითაც არ დაგვიხუჭავს თვალი. ღია ომის 18 დღე, ათასობით გარდაცვლილი, მათგან 90-მდე ბავშვი. ათასობით უკრაინელი დარჩენილია საკვების, გათბობის, წყლის გარეშე, ასობით საგანმანათლებლო ინსტიტუტი განადგურებულია. ათობით საავადმყოფო იბომბება. ბირთვული ელექტროსადგურები კატასტროფის პირასაა. სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. დღეს კი ევროპის ცენტრში ამ უფლებას ხელყოფენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს. რუსეთის ფედერაციის მთავრობას არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. რუსეთის შეიარაღებული ძალები ტერორისტებივით იქცევიან: ისინი ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, კლავენ ბავშვებს, აჰყავთ მძევლები, იტაცებენ მთავრობის წევრებს, ადგილობრივი თანამდებობის პირებს, აწამებენ მოქალაქეებს“, – აღნიშნა შმიგალმა.

​ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვა.

„უკრაინას ცეცხლი უკიდია. ასობით სახლი განადგურებულია, მილიონობით ადამიანი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა არა მხოლოდ უკრაინის დასაცავად, საქმე ეხება მთელი ევროპის დაცვას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესია, ვიდრე მოხდება ბირთვული კატასტროფა, ვიდრე მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა. ამიტომ, რა თქმა, უნდა ჩვენ ვითხოვთ და მოვითხოვთ უკრაინის თავზე ცის დახურვას. დახურეთ ცა უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, დახურეთ ცა ევროპელებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შმიგალმა.