უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - ჩამოვიდნენ რუსები და ნახონ, რა დაუშავეს ჩვენს ქვეყანას #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - ჩამოვიდნენ რუსები და ნახონ, რა დაუშავეს ჩვენს ქვეყანას #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეკსანდრ პეტრაკოვმა რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და ძალიან მნიშვნელოვან თემებს შეეხო:

ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთი ყველა შეჯიბრიდან მოხსნეს და ახლა ერთმანეთში ითამაშონ. ისინი ამას იმსახურებენ. ისინი არაფერს ამბობენ, მხოლოდ უეფა-ს და ფიფა-ს აკრიტიკებენ. ჩამოვიდნენ აქ და ნახონ რა დაუშავეს ჩვენს ქვეყანას.

– არ ვიცი, როგორ შეინარჩუნებენ ლეგიონერებს. იქ დიდ ფულს იხდიან. ითამაშებენ თუ არა, არც მინდა მათზე საუბარი. არ არის საჭირო ამით გახარება, მაგრამ ამას იმსახურებენ. არ ვიცი, რამდენი წელი გავა, როცა ისინი კვლავ ითამაშებენ ფიფა-ს და უეფა-ს ეგიდით.

– 64 წელი რუსულად ვლაპარაკობდი, მაგრამ ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინულად ვისაუბრო. პირველივე დღიდან, როცა ნაკრების მწვრთნელი გავხდი, უკრაინულად ლაპარაკი დავიწყე. მე ვილაპარაკებ უკრაინულად. რუსულად საუბარიც არ მინდა.

– მზად ვიყავი. ხალხმა მითხრა, რომ 23 თებერვალს ომი იქნებაო. ღმერთს ვევედრებოდი და სახლში ვიჯექი. 23 თებერვალი რომ დადგა, შვებით პირჯვარი გადავისახე, მაგრამ 24-ში შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ომი დაიწყო – მომხდარით შოკირებული ვიყავი.

– ყველა მოთამაშე ცოცხალია და კარგადაა. მესმის მათი, ძალიან ღელავენ, პატარა ბავშვები ჰყავთ. მთავარია ეს საშინელება დამთავრდეს და მსხვერპლი არ იყოს. გუშინ ვნახე ზინჩენკოს თამაში „პიტერბოროს“ წინააღმდეგ. ყველა ლეგიონერ უკრაინელთან მაქვს ურთიერთობა. ბევრს ვესაუბრე და ყველა შოკირებულია, ასეთი რამ რომ მოხდა. თავადაც შოკირებული ვარ.

– ვამაყობთ ჩვენი ერით, ჩვენი შეიარაღებული ძალებით. ბიჭები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ. ღმერთმა დალოცოს ისინი. პრეზიდენტმა თქვა, რომ 16 ბავშვი დაიღუპა, ისიც თქვა, რომ ახლა ყველა ჩვენგანი ჯარისკაცია“.