უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოზე - იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოზე - იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს
თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს. საქართველოდან ზაფხულში სამშობლოში დაბრუნებული ნახევარმცველი ლუგანსკის „ზორიაში“ გადავიდა და ანდრეი შევჩენკოს ყურადღება მიიქცია.
 
მასთან ვრცელი ინტერვიუ „უა-ფუტბოლმა“ ჩაწერა – გამოცემასთან ივანისენიამ საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს – „ივანისენიას ყოფილი კლუბი, თბილისის „დინამო“ პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგენდარული კლუბია“.
„მართლაც, „დინამოს“ საქართველოში განსაკუთრებულად ეპყრობიან და მისგან ყოველთვის დიდ შედეგს ელიან. წელს გუნდმა ჩემპიონობა მოიგო. საქართველოში თვლიან, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბი „დინამოა“. სწორედ ამიტომ ფეხბურთელების მიმართ ყველაზე მეტი მოთხოვნები ამ გუნდშია. მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოს ჩემპიონატი არც თუ ისე მაღალი დონისაა, ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები მაინც არიან, რომლებიც გამოირჩევიან სწრაფი აზროვნებით, ტექნიკითა და სისწრაფეებით. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელი ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატში თამაშობს“, – ამბობს ივანისენია.
უკრაინის ნაკრების კანდიდატი იხსენებს, რომ თბილისურ კლუბში მუშაობა 1981 წლის ლეგენდარული „დინამოს“ მოთამაშესთან მოუხდა: „ზაურ სვანაძე, რომელმა „დინამოს“ ფორმით 1981 წელს თასების თასი მოიგო, გუნდში მეორე მწვრთნელად მუშაობდა. მოგვიანებით ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ჩამოვიდა და ახლა მისი ერთ-ერთი თანაშემწე იყო“.
ყველაზე მეტად რა მოგხიბლა საქართველოში? იქნებ რაიმე ადგილობრივი ადათია, ეროვნული სამზარეულო ან თავად ხალხი? – ამაზე ივანისენია პასუხობს: „ხალხმა! ისინი უჩვეულოდ მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან. მათთვის ჩვეულებრივია, რომ სტუმრებს განსაკუთრებული სიკეთით და ყურადღებით მოექცნენ. ქართველებს ძალიან უყვართ სტუმრები. ქართული საკვები ძალიან გემრიელია და ძალიან მომწონდა. ამ ქვეყანაში მზე მთელი წლის განმავლობაში ანათებს და ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს“.
24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი, დმიტრო ივანისენია დონეცკის „შახტარის“ აღზრდილია, თამაშობდა „ილიჩევეცსა“ და „მარიუპოლშიც“. თბილისის ‘დინამოში“ კი 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ზაფხულამდე თამაშობდა.