უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე საქართველოს დროშაა გამოსახული #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე საქართველოს დროშაა გამოსახული #1TVSPORT

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი საკონტროლო მატჩებს გამართავს. არაერთ ელემენტთან ერთად, ახალ ფორმაზე სხვადასხვა ქვეყნის დროშებია გამოსახული, სადაც საქართველოს სახელმწიფოს დროშაცაა.

უკრაინის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფების ბოლო ამხანაგურ მატჩებს გამართავს, პირველი შეხვედრა კი 11 მაისსაა ჩანიშნული.

თანხა, რომელიც ამხანაგური მატჩებიდან და მაისურების გაყიდვებიდან შეგროვდება, გადაირიცხება პროგრამა United24-ში, რომელიც შემდეგ უკრაინის აღდგენას მოხმარდება, – ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

„უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია და ნაკრები მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას U24 – პლატფორმას, რომელიც რესურსების მოსაძიებლად უკრაინის გარშემო მთელ ცივილიზებულ სამყაროს აერთიანებს.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფების მოსამზადებელ მატჩებში სპეციალური ფორმებით ითამაშებენ, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იქნება. თანხა, რომელიც ამ ამხანაგური მატჩებიდან და მაისურების გაყიდვიდან დაგროვდება პროგრამა U24-ში გადაირიცხება.

ფორმის მთავარი კომპონენტი არის წარწერა UNITED FOR UKRAINE, მაისურზე ასევე ორი ორიგინალური ელემენტია დამატებული.

პირველი ეს არის რუკის უნიკალური გამოსახულება უკრაინის საზღვრის გარშემო, რომელიც იმ ქვეყნების დროშებითაა შედგენილი, რომლებიც უკრაინას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ. მეორე ელემენტი – მოთამაშეთა ნომრები, რომლებიც შედგენილია უკრაინის დასახლებული პუნქტების სახელწოდებებით.“

უკრაინის ნაკრები 11 მაისს ამხანაგურ მატჩს „გლადბახის“ წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში კი შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.